კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორად ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი დაინიშნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დავით სერგეენკომ ირაკლი ყანდაშვილი დამსაქმებელთა ასოციაციისა და დასაქმებულთა წარმომადგენლებთან მედიატორად, პროფკავშირებთან შეთანხმების საფუძველზე დანიშნა.

უწყების ცნობით, ირაკლი ყანდაშვილი მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესს წარუძღვება, რაშიც ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ჩაერევიან.

ახლად დანიშნული მედიატორი შრომის მსოფლიო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელ როჯერ ლეკურთან ერთად ამ წუთებში კაზრეთში პირველ შეხვედრას მართავს. კაზრეთში ასევე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პაატა ჟორჟოლიანი და მთავრობის ადმიისტრაციის წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად, მედიაციის პროცესში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შრომითი დავების გადასაჭრელად პროცესებში მედიატორის ჩართვა ევროკავშირის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია, საქართველოში კი მსგავსი ფაქტი პირველად ხდება.

დაბა კაზრეთის საბადოს მუშები 14 თებერვალს გაიფიცნენ. მათ შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით 7 მარტს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. იმავე დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებს შეხვდნენ. გაფიცული მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლების აღდგენას მოითხოვენ.