დასუფთავების აქციაში - “სუფთად ევროპისკენ” 500-მდე ლოკაციაზე 22 ათასამდე ადამიანი ჩაერთვება

დასუფთავების მასშტაბურ აქციაში - “სუფთად ევროპისკენ” 500-მდე ლოკაციაზე 22 ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული.

ამის შესახებ დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა პრესკონფერენცია შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში მოლი ლიენთან ერთად გამართა და „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქციის კვირეულზე ისაუბრა.

მისივე თქმით, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გიგლა აგულაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების დიდი აქცია დაიგეგმა. საქართველოს ყველა მხარეში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა თვითმმართველ ქალაქში შერჩეულია 500-მდე ლოკაცია. ამ პროცესში 22 ათასამდე ადამიანი იქნება ჩართული. ეს ადამიანები წინასწარშერჩეულ ლოკაციებს, სადაც არსებობს დაბინძურების ფაქტები, ხელოვნური, არაკანონიერი, არარეგისტრირებული ნაგავსაყრელები, ამ ადგილებს დაასუფთავებენ. ამ პროცესში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია“, - განაცხადა მინისტრმა.

აგულაშვილის თქმით, არ არის აუცილებელი, რომ მოქალაქეები სპეციალურად გადაადგილდნენ ამა თუ იმ ლოკაციაზე და შეუერთდნენ იმ ჯგუფს, რომლებიც ორგანიზებულად დაასუფთავებენ ტერიტორიებს. არამედ ყველას შეუძლია საკუთარი სახლის, საკუთარი ეზოს, საცხოვრებელი გარემოს დასუფთავებით, მოწესრიგებით, გამწვანებით, ჩაერთოს ამ აქციაში. აქციაში მონაწილეობა კი სამინისტროს „ფეისბუქის“ ან სხვა ნებისმიერი ელექტრონული მატარებლის საშუალებით, ფოტოს გაგზავნით დაუდასტუროს.

აგულაშვილი აცხადებს, რომ ეს აქცია ერთჯერადი არ იქნება. ყოველთვიურად შეირჩვა დღეები, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავების აქციებში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

აგულაშვილის თქმით, აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე განმოთქვეს სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების სტუდენტებმა, საჯარო სკოლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

გარემოს დაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კამპანიის მხარდამჭერისთვის შვედეთის განვითარების სააგენტოს; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვას“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN).

აგულაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს კონკურსი გამოცხადდება, თემაზე: „სუფთა რეგიონი“, „სუფთა ქალაქი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა სოფელი“, „სუფთა ქუჩა“ და „სუფთა ეზო“. კონკურსის შედეგები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. თუ როგორ უნდა ჩაერთოს კონკურსში მსურველები, ამის შესახებ დეტალებს სამინისტრო მოგვიანებით გაასაჯაროებს.

კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

პრესკონფერენციაზე გიგლა აგულაშვილმა მედიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების კუთხით გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკაც გააცნო. კერძოდ, 1-20 აპრილის მონაცემებით, გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევაა გამოვლენილი.