მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე (www.acda.gov.ge) დღეს გამოცხადდა და 5 მაისამდე გაგრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.
უწყების ცნობით, იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით. პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.
პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში.
„პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.