ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ფულადი სანქციის ამოქმედების პირველივე დღეს 14 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ინფორმაციას ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
რაც შეეხება საჯარიმო ოქმებს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 13 საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, ხოლო 1 - მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.
ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით;
2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარი;
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარი;
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარი;
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი - 400 ლარი, იურიდიული პირი - 1000 ლარი.