საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და ფრანგ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტის შეფასებისას განაცხადა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარის გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩო კომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.
აღნიშნული კომენტარი მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.
პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ღამით სროლა იყო. ფრანგული გამოცემა L’Express-ის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.