თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი, ასევე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილში.
„მნიშვნელოვანია ის, რომ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების შესაძლებლობები გვაქვს. კონკრეტული კომპანიები კონკრეტული დარგების მიმართულებით არიან ჩამოსულები. ეს იქნება პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრების შემდგომ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოება, მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა.
„ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საუბარი უკვე მოვასწარით. ვფიქრობ, ეს პოტენციალი ბევრად უფრო მეტია“, - განაცხადა გახარიამ.
ღონსიძიების მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიმართავენ. ფორუმის ფორმატით გათვალისწინებულია თემატური პანელები, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უნგრული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შორის.