დიმიტრი ქუმსიშვილი - კომპანია Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან, ტონი სტრინგერსა და რიჩარდ ფრენსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება განიხილეს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც, მისი თქმით, ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.

„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია Fitch-ის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და, რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Fitch Ratings - ის მმართველი დირექტორის ტონი სტრინგერის თქმით, ქართულ დელეგაციასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტონი სტრინგერმა.

შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.