არჩილ თალაკვაძე - საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ცვლილებებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე უმცირესობა მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ცვლილებებს როგორც უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქულების სისტემის შემოღება ქვეყანაში ავტოსაგზო შემთხვევების შემცირებას ხელს შეუწყობს.

,,ცვლილებებით შემოთავაზებულია ქულების სისტემა, რომელმაც ბევრ ქვეყანაში მოიტანა ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და მეტი წესრიგი გზებზე. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი მთლიანად მხარს უჭერს რეფორმას. ეს არის კანონი, რომელსაც აქვს საზოგადოების და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა. ეს ყველაფერი შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში ჩვენ მოგვცემს დადებით შედეგებს.

რეფორმის სხვადასხვა კომპონენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. მათი ნაწილი კანონის მიღებისთანავე იქნება რეალიზებული. რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც საჭიროებს ტექნოლოგიურ მომზადებას და მატერიალური ბაზის შექმნას, რა თქმა უნდა, მოგვიანებით წლის განმავლობაში ამოქმედდება. რაც მთავარია პირველი თვეების განმავლობაში, შსს მოსახლეობას მიაწვდის სრულ ინფორმაციას თუ როგორ იმუშავებს ეს სიახლე”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მის თანმდევ პროექტებს განიხილავენ. ამით პარლამენტი აღნიშნულ საკანონმებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს.

პაკეტის თანახმად, შემოდის მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორედაც ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შეძლებს გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას.