N61 ავტობუსის მგზავრებს დღეს საჩუქრად წიგნები და მოსაწვევი ბარათები გადაეცათ

დღეს N61 ავტობუსის მგზავრებს ტრანსპორტში საჩუქრად წიგნები და მოსაწვევი ბარათები გადაეცათ.

როგორც თბილისის მერია იუწყება, აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.

”დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ”, - აცხადებენ მერიაში.

მათი ცნობით, 16:00 საათზე რატი ამაღლობელი ისაუბრებს გალაკტიონ ტაბიძის შესახებ, 16:30 საათზე – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ; 17:00 საათზე - ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ; 17:30 საათზე – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ; 18:00 საათზე – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ და 18:30 საათზე – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ.

მერიის პრესსამსახურის ცნობით, ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, რომ ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.