თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჯაბა სამუშიასა და ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის ინიციატივით, თემქას კიდევ 15-მდე დასასვენებელი ზონა შეემატება.
როგორც საკრებულოდან იუწყებიან, დეპუტატმა და გამგებელმა დღეს ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც სამომავლოდ რამდენიმე სკვერის მოწყობა იგეგმება.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ნაძალდევის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი და ამავე რაიონის გამგებელი აღნიშნული ზონების სტატუსის შეცვლის მოთხოვნით, დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უახლოეს მომავალში მიმართავენ.
”არსებული სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად გადაწყდა, რომ თემქას კიდევ, დაახლოებით, 15 სკვერი შეემატოს. ნაძალადევის რაიონის გამგებელთან ერთად საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მოვძებნეთ ადგილები, სადაც უახლოეს მომავალში სკვერების მოწყობა იგეგმება. დასასვენებელი ადგილებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებისა და აღნიშნული სკვერების სახელდების მიზნით, მერიის ქონების მართვის სააგენტოს, შემდგომ კი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას მივმართავთ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგებელმა განმარტა, აღნიშული ზონებისთვის სტატუსის მინიჭება გამწვანებულ ტერიტორიებს გასხვისებისგან დაიცავს.
ჯაბა სამუშიამ და გიორგი ხელაძემ დღესვე თემქაზე მდებარე სკვერი დაათვალიერეს, სადაც უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.