ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფის, „ბარკლეის“ (Barclays) ევროპის , ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია - წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელს, ჩარლი ბერმანს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც აღნიშნული გეგმის მიხედვით ხორციელდება და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ბიზნესის განვითარება-ხელშეწყობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისკენაა მიმართული.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოესი წლების განმავლობაში გეგმავს. აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, არამედ ტურიზმსაც.
„შეხვედრაზე „ბარკლეის“ წარმომადგენელმა დიდი დაინტერესება გამოხატა როგორც საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესების, ისე უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. მან არ გამორიცხა, რომ ჯგუფმა განიხილოს დამატებითი შესაძლებლობები საქართველოს ინვესტიციების განხორციელების თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლია.