ნოდარ ხადური ფრაქცია ”მრეწველების” ინიციატივას ეთანხმება

ფინანსთა მინისტრი ეთანხმება ინიციატივას, რომ გარკვეული კატეგორიის იმპორტიორები საგადასახადო შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ბაზარზე იყოს კონკურენტული გარემო და ყველა მეწარმე იყოს თანაბარ პირობებში. როგორც აღმოჩნდა, მეწარმეთა ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იხდის დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და საშუალო საწარმოებთან შედარებით და ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს. ამიტომ ფრაქცია "მრეწველებმა" მოამზადეს პროექტი, ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით. უკმაყოფილება არ უნდა გამოიწვიოს ამ პროექტმა, რადგან ყველა გადამხდელი უნდა იყოს თანაბარ პირობებში, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ და კონკურენტულ ბრძოლაში მოგებული დარჩება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"მრეწველები" კოდექსიდან იმ ნორმის ამოღების ინიციატივით გამოდიან, რომელიც საქართველოში საქონლის იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს. კერძოდ, საქონლის დაბეგვრის შეღავათიანი პირობები უწესდებათ პირებს, რომელთა მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა 200 000 ლარს გადააჭარბებს. "მრწველთა" შეფასებით, ეს არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.