ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) ვიცე-პრეზიდენტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კარინ ფილკენსტონს (Karin Finkelston) და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, MIGA მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და საქმიანობას წევრ ქვეყნებში ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებს.
MIGA-ს წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს სააგენტოს მიერ რისკების დაზღვევის მიმართულებებსა და მექანიზმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სადღეისოდ, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კვალდაკვალ, ხელმისაწვდომია MIGA-ს ყველა საგარანტიო პროდუქტი. ეს ერთი მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის აიაფებს კაპიტალზე წვდომას, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ დაინტერესებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ პროექტებში.
მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.