სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის მთავრობაში 4 მილიონერია.
კვლევა ეხება დედაქალაქის მერიას, მერის მოადგილეებს, ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურის უფროსების და გამგებლების ქონებრივ დეკლარაციებს.
"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ "ახალი საქართველოსა" და "მედიატორის" ერთობლივ კვლევას.
"მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენლის ნინო ყურაშვილის განცხადებით, კვლევა 2 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები, სადაც 30 თანამდებობის პირიდან მხოლოდ ერთ მათგანს არ ქონდა შევსებული ქონებრივი დეკლარაცია (ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი - გიორგი წერეთელი). რაც შეეხება შესწავლილ 29 დეკლარაციას ირკვევა, რომ 4 მათგანი არის დეკლარირებული მილიონერი.
პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - ია მაქაცარია, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილს 1 000 000 ლარის ოდენობის ქონებით ინაწილებენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი.
წინა კვლევებთან შედარებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის და თბილის საკრებულოს დეპუტატებს ეხებოდა, როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მთავრობაში ბევრად ნაკლები მილიონერია, თუმცა აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი, რამდენად კეთილსინდისიერად ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას თანამდებობის პირები და შეესაბამება თუ არა რეალობას, მაგალითად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ფლობს არანაირ ქონებას და ზოგადად მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვისას აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ 500 ლარის მფლობელია.
ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არც ის და არც სხვა მისი უჯახის წევრი არ ფლობენ საცხოვრებელ ბინას და ასევე ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულება სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდათ ცხოვრება, ამ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ან ნათესავთან ქონებრივ დეკლარაციაში ისინიც მოხენიებული უნდა იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები.
თუმცა დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გელა ჩივიაშვილისთვის ღამის გათენება მხოლოდ მის ავტომობილშია შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ, რამდენად სწორად და კეთილსინდისიერად ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები.
დეკლარაციების გარდა, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სამოქალაქო პლატფორმა - „ახალმა საქართველომ“ შევისწავლეთ თანამდებობის პირების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და ასევე გადავამოწმეთ რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დასაქმებული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
„მოგეხსენებათ, საკმაოდ სერიოზულად დგას სახელმწიფო და საჯარო სამსახურებში ნეპოტიზმის პრობლემა. დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების დეკლარაციის შევსების დროს აღმოჩნდა, რომ გამგებლების, საქალაქო სამსახურის უფროსების, მერის მოადგილეების ოჯახის წევრები (შვილი, მეუღლე, და, ძმა) ასევე მუშაობენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, მაგალითად მას შემდეგ რაც ვახტანგ ქიზიყურაშვილი ისნის რაიონის გამგებლად დაინიშნა, მისი ვაჟი ირაკლი ქიზიყურაშვილი ჯერ დიდუბის რაიონის გამგეობაში, ხოლო ამჯერად შპს თბილისელების ჯგუფში გარე განათების სამსახურში დაასაქმეს ტექნიკური განყოფილების უფროსად, მისი მეუღლე თამარ გურამიშვილი კი 92-ე საჯარო ბაღში მუშაობს, საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის მეუღლე ინგა კორკოტაძე საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა, დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის მეუღლე არჩილ ჩხარტიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის მეუღლე ლილი ქართველიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დასაქმებული, დედაქალაქის მერის მოადგილის ნატო ქიტიაშვილის ძმა დავით ქიტიაშვილი ასევე დედაქალაქის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურჩი მუშაობს, რაც შეეხება დედაქალაქის მერის მოადგილეს ნინო ხატისკაცს მისი მეუღლე კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია.
ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ხშირ შემთხვევაში საჯარო სამსახურში, სწორედ ნაცნობ- მეგობრობით, ნათესაური კავშირებით ხვდებიან. ამას გარდა გვახსოვს ფაქტები, თუ როგორ დაასაქმა მაგალითად ზაზა გაბუნიამ ყოფილმა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ახლა კი პარლამენტის ერთ-ერთმა დეპუტატმა საკუთარი ცოლის ძმა, კახი კალაძემ ცოლის ნათესავები, სარევიზიო კომიისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძემ მისი ცოლის ძმა და ა.შ. ასევე საინტერესოა დედაქალაქის მერიაში მაღალი თანამდებობის პირების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, როგორც კვლევამ აჩვენა მაღალი თანამდებობის პირების 35% შევარდნაძის დროსაც იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას მაგალითად:
1. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე 1995-99 წლებში ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მრჩეველი იყო, საინტერესოა რომ მრჩევლის თანამდებობას 17 წლის ასაკიდან იკავებდა
2. ასევე ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელი 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
3. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 1996-99 და 2001-2002 წლებში ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
4. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 1999-2000 წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გახლდათ, 2001-2002 წლებში სახელმწიფო ხაზინის საოპერაციო დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
5. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება 1994-2004 წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
6. შევარდნაძის დროს ასევე სხვდასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ზურაბ ჩიკვილაძე. ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი 1994-2001 წლებში ნაძალლადეობის რაიონში განყოფილების უფროსი იყო
7. მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 1997-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში
8. მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი 1999-2002 წლებში თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსი გახლდათ, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ასევე შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას.
ხაზგასასმელია ისიც, რომ იმ პერიოდში როდესაც საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური მდგომარეობა, ასევე ქვეყანაში იყო კორუფცია, სწორედ ამ დროს იკავებდნენ ფინანსური თუ ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა სამინისტროებში მაღალ თანამდებობებს. გარდა იმისა რომ დედაქალაქის მერიაში მაღალ თანამდებობას შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები იკავებენ.
მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იკავებდა თანამდებობას. ჩვენ დედაქალაქის მერისგან, ქართული ოცნების წევრებისგან ხშირად მოგვისმენია „ბრალდებები“, რომ ესა თუ ის პირი, რომელიც მათ საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს არის ან იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ან მხარდამჭერი, მაშინ როდესაც მაგალითად:
1. სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2004-2011 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ნასამართლევია თაღლითობის მუხლით
2. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ვალერი პაპიაშვილი, რომელიც 2002-2012 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე.
3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსიც 2004-2012 წლებში ასევე მაღალ თანამდებობებს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
4. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 2004-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ.
5. თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე მუშაობდა მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 2008-2010.
6. იურიდიული სამსახურის უფროსი სოფო გიგანი 2008-2010 წლებში აჭარის ერთერთი მუნიციპალიტეტის იურისტი გახლდათ , 2010-2011 წლებში საჯარო რეესტრის სამსახურში.
7. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 2006-2010 წლებში სოციალურ პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფდა ხოლო 2010-2011 წლებში კონტროლის პალატის თანამშრომელი გახლდათ.
ასევე წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს.
მისი თქმით მნიშვნელოვანია საზოგადოებას ქონდეს ინფორმაცია თუ ვინ და რა წარსულის ადამიანები განაგებენ დედაქალაქს. ფაქტი ერთია თანამდებობის პირების 35% შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკია, 30% კი წინა ხელისუფლების.
წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით ხაზს იმის გამო ვუსვამთ, რომ ქართული ოცნების წევრები როდესაც ცდილობენ ოპონირება გაუწიონ ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს ცუდ „არგუმენტად“ ყოფილ ნაციონალობას ასახელებენ ხოლმე. მაშინ როდესაც მათსავე გუნდში მრავლად მოიძებნება ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის, ჯანდაცვის, ფინანსთა და სხვა სამინისტროების მაღალჩინოსნები", - ნათქვამია კვლევაში.