სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციის გარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარი. თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.