საფრანგეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების ფონზე, ევროს კურსი 5-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა.
დღეს დილით პირველად, გასული წლის 10 ნოემბრის შემდეგ ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 2%-ით გაიზარდა და ერთი ევროს ღირებულებამ 1.09395 დოლარი შეადგინა. სტერლინგთან მიმართებაში ევრო 1,2%-ით გამყარდა, იენთან მიმართებაში კი 3%-ით.
ასევე ზრდა დაფიქსირდა ევროპის საფონდე ბაზრებზე. ვაჭრობის დაწყების დროს საფრანგეთის Cac 40-ის ინდექსი 4%-ით 5249,55 პუნქტამდე გაიზარდა. ბრიტანული FTSE 100 1,84%-ით 7245,40 პუნქტამდე, DAX-ის ინდექსი კი 2,32%-ით 12327,50 პუნქტამდე.
საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%.
კანდიდატები ერთმანეთს 7 მაისს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.