ე.წ. ”ხრუშოვკების” დემონტაჟზე არაბი ინვესტორი 600 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს

ძველ თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი იგეგმება. ამასთან დაკავშირებით საკრებულოსა და გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

დოკუმენტი ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიცო ჰოლდინგის დამფუძნებელმა, სალიმ უმაიდ საიფმა მოაწერეს. მემორანდუმი ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს.

"ჩვენ ძველი შენობების დემონტაჟს ვაპირებთ. მალე დავასრულებთ შეთანხმებაზე მუშაობას. სამუშაოები კი დაახლოებით ოთხ თვეში დაიწყება. დარწმუნებული ვარ, ეს სასარგებლო საქმე იქნება თქვენთვის", - განაცხადა სალიმ უმაიდ საიფმა.

როგორც ინვესტორმა განმარტა, ე.წ. ხრუშოვკების ნაცვლად 15 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავენ, რომლებიც მოიცავს საოფისე ფართებსაც და გამწვანებულ ტერიტორიასაც. ამ ეტაპზე საუბარია სულ 800 ”ხრუშოვკის” ტიპის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟზე.

მემორანდუმით ინვესტორი 600 მლნ დოლარის შემოტანას გეგმავს, რომელსაც ამერიკიდან მოიზიდავს. დედაქალაქის საკრებულოში განმარტავენ, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი მთელი თბილისის მასშტაბით იგეგმება.

"მემორანდუმის საფუძველზე ორივე მხარე ვიღებთ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას, რომ ცენტრალური ხელისუფლების ფინანსთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი იქნეს ეს პროექტი და შესაბამისად, შემდგომში ხელი მოეწეროს იმ მუშა დოკუმენტს, სადაც იქნება პროექტის სრული აღწერილობა. ჩვენი სურვილია ეს მოქმედებები ზაფხულის შუა პერიოდისთვის უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს", - განაცხადა შიხიაშვილმა.

თუ სად იცხოვრებენ ე.წ. ”ხრუშოვკებში” მცხოვრები მოქალაქეები ახალი სახლების მშენებლობის პროცესში და როგორ მოხდება მათი უზრუნველყოფა ბინებით, არცერთი მხარე ჯერჯერობით არ განმარტავს. თუმცა, სალიმ უმაიდ საიფი ამბობს, რომ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მისი განხორციელება ოთხ თვეში დაიწყება. პროექტი დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.