”რაჭის წყლები” იყიდება

კომპანია ”პროგრესი 2000” მინერალური წყლის ”რაჭის წყლების” ბრენდსა და ქარხანას ყიდის.

როგორც კომპანიაში bpn.ge-ს განუცხადეს, დაინტერესება ბევრმა მსურველმა, მათ შორის, რუსეთში მცხოვრებმა  თანამემამულეებმა გამოთქვეს, თუმცა, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

”საწარმოო ხაზის 70% ავტომატიზებულია, რენტაბელური რომ გახდეს, ადამიანური ძალა უნდა გამოირიცხოს, შესაბამისად, გადაიარაღებაა საჭირო. თუმცა, თავად ბრენდი საკმაოდ წარმატებულია: რუსეთში რამდენიმე გამოფენაში ”ოქროს მედლები” აქვს აღებული”, - განაცხადეს კომპანიაში.

”რაჭის წყლები” ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა და 2006 წლამდე რუსეთში ექსპორტზეც გადიოდა. ქარხნის წარმადობა თვეში 100 ათასი ბოთლია. კომპანია წყლის რესურსის მხოლოდ 55%-ს იყენებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ვადა კი 30 წელია.