„ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ამ სათაურით ყაზახური ვებგვერდი abctv.kz სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზმა“ ვერ შეძლო შვილობილი კომპანიის საქართველოში გაყიდვა და ახლა მასზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. „ყაზტრანსგაზმა“ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმ მიზნით შეიტანა, რომ შვილობილ „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ კონტროლი დაიბრუნოს. მანამდე დაანონსებული გარიგება 100 %-იანი წილის გაყიდვაზე ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემას „ყაზმუნაიგაზის“ მმართველობის ხელმძღვანელმა საუატ მინბაევმა განუცხადა.
„ყაზტრანსგაზმა“ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. საარბიტრაჟო პროცესი ხანგრძლივია და დაკავშირებულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ბედთან. “შესაძლოა, შევთანხმდეთ, შესაძლოა გავაგრძელოთ. ამის პროგნოზირება არ შემიძლია“ - განუცხადა გამოცემას მინბაევმა. Global Arbitration Review-ს ინფორმაციით, სასარჩელო თანხა 180 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ზუსტად სასარჩელო თანხის დასახელება არ შემიძლია. სარჩელი „ყაზტრანსგაზმა“ შეიტანა. სარჩელის შეტანის ფაქტი ვიცი, მაგრამ თანხასთან დაკავშირებით შესაძლოა, შევცდე", - აცხადებს „ყაზმუნაიგაზის“ ხელმძღვანელი.
გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის მარტში „ყაზტრანსგაზმა“ მიიღო შეთავაზება „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ქართველი ინვესტორისგან 100%-ის გამოსყიდვის შესახებ. გარიგების დახურვა 2016 წლის სექტემბერში იგეგმებოდა. თუმცა, როგორც abctv.kz-ს საუატ მინბაევმა დაუდასტურა, ყიდვის პროცესი არ დასრულებულა და გარიგება ჩაშლილია.
„სინამდვილეში ამ აქტივის გაყიდვა ადვილი არ არის. ის წაგების რეჟიმში მუშაობს. ამის მიუხედავად, ეს ჩვენი აქტივი იყო და ვალდებულები ვართ მისთვის ვიბრძოლოთ. დროდადრო მისდამი ინტერესი ვლინდება. ვიმედოვნებთ, რომ შესაძლოა, ეს ინტერესი განახლდეს. ასეთი აქტივების რეალიზების პროცედურა საკმარისად რთულია და დიდი დრო მიაქვს.“ - განაცხადა მინბაევმა.
გამოცემის ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზმა“ კონტროლი „ყაზტრანსგაზ-თბილისზე“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2009 წელს დაკარგა. მიზეზი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისადმი დავალიანება იყო, რაც 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. მაშინ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი დაინიშნა, „ყაზტრანგაზს“ კი ამ დრომდე არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიღოს თავისი შვილობილი კომპანიის საქმიანობაში.
„ყაზტრანსგაზმა“ აღნიშნული აქტივი „თბილგაზისგან“ 2006 წელს 12,5 მილიონ დოლარად შეიძინა. 2006-2009 წლებში „ყაზტრანსგაზმა“ „ყაზტრანგსაზ-თბილისის“ განვითარებისთვის და თბილისის გაზმომარაგებისთვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. „ყაზტრანსგაზის“ ერთადერთი აქციონერი „ყაზმუნაიგაზია“.
ზურაბ თვაური