მაისიდან ბაზარზე თაფლის ახალი ბრენდი ”ნენა” გამოჩნდება.
კახური ტრადიციული მეღვინეობის (KTW) ჯგუფში შემავალი კომპანია ''KTW-აგრო-ქედა" ადგილობრივი ფერმერებისგან თაფლს შეისყიდის, გადაამუშავებს, დააფასოებს და გაყიდის. როგორც „ნენას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე დადიანმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, პირველ ეტაპზე თაფლის შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოხდება, ეტაპობრივად კი ''KTW-აგრო-ქედა" თაფლის წარმოებას თავად დაიწყებს. ”პირველ ეტაპზე თაფლს აჭარაში, გურიაში, მთიან რეგიონებში შევიძენთ, შემდეგ კი ჩვენი ფუტკრისგან მიღებულ თაფლს გამოვიტანთ გასაყიდად. თაფლი პირველ ეტაპზე მინის ჭურჭელში გაიყიდება, ვგეგმავთ თაფლი სასტუმროებისთვის 20 გრამიან პლასტმასის შეფუთვაშიც გამოვუშვათ. გვექნება სხვა შეფუთვებიც”, - განაცხადა ალექსანდრე დადიანმა.
''KTW-აგრო-ქედა" ნენას" ბრენდით თაფლის გაყიდვას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. ალექსანდრე დადიანის თქმით, მათ მიერ წარმოებული თაფლის ექსპორტზე გატანა როგორც დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ევროპასა და ჩინეთში იგეგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ნენას" ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო, ქედასა და ჩოხატაურში, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის „შვილობილი კომპანიების "KTW აგრო-ქედას" და "KTW აგრო-ჩოხატაურის" საკუთრებაშია. ხილის გადამამუშავებელი საწარმოები ექსპლუატაციაში 2015 წლის სექტემბერში შევიდა.