3-მილიონიანი ზარალის მიუხედავად, თურქი ინვესტორი სათბურის აღდგენას აპირებს

კომპანია "აიკონ ჯგუფი” აჭარაში გასული წლის დეკემბერში დიდთოვლობის გამო დანგრეული სათბურის აღდგენას გეგმავს.

საუბარია 3,3 ჰექტარი ფართობის სასათბურე მეურნეობაზე, რომელიც უამინდობის გამო მთლიანად განადგურდა, რის შედეგადაც კომპანიამ 3 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

”ამ ეტაპზე კომპანია ”მანოსთან”, რომელსაც სათბური გასულ წელს იჯარით გადავეცით, ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზე სასამართლო დავა გვაქვს. ასევე გარკვეული დეტალებია შეუთანხმებელი სადაზღვევო კომპანიასთანაც. როცა სასამართლო წარმოება დასრულდება, სათბურის მშენებლობას შევუდგებით”, - განუცხადა bpn.ge-ს ”აიკონ ჯგუფის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ.

ხალიბაურში სათბური 2009 წელს თურქული ინვესტიციით დაფუძნდა. ის საქართველოში ერთადერთი მეურნეობა იყო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიას - ჰიდროპონიკას იყენებდა, ანუ, კიტრი და პომიდორი მიწის გარეშე, კომპოსტზე მოჰყავდა.