ბორჯომში, სოფელ ჩითახევთან ახალი დაკიდული ხიდის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა იუწყება, პროექტის მიმდინარეობას დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ადგილზე გაეცნო.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ობიექტზე ფეხით სავალი ნაწილის, კიბეებისა და მოაჯირების მოწყობა მიმდინარეობს.
”ახალ აშენებულ ხიდს სპეციფიური დანიშნულება ექნება. ხიდით სპორტის ექსტრემალური სახეობის ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ისარგებლებენ. ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში სპორტის ამ სახეობის განვითარებას“, - აღნიშნა გამგებელმა.
მისივე თქმით, პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჯომარდობისათვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
”ბორჯომის ხეობაში მდინარე მტკვარი მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წელს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარების გარდა, ხელს შეუწყობს კურორტისადმი ინტერესის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას.
სპორტსმენების გარდა ხიდით სარგებლობას შეძლებენ ადგილობრივებიც”, - განმარტავენ გამგეობის პრესსამსახურში.