„ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურების მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საარბიტრაჟო პროცედურა დაწყებული არ არის და არც სარჩელია სასამართლოში შესული.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ არბიტრაჟამდე საქმე არ მივა.
„საარბიტრაჟო პროცედურა ჯერ დაწყებული არ არის და ასეთი კორესპონდენცია სასამართლოში არ შესულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად გვეცოდინებოდა. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი ცნობა ჩვენამდე არ მოსულა. მოსულია მხოლოდ ამ კომპანიების მოთხოვნის წერილობითი კორესპონდენცია, რასთან დაკავშირებითაც, დაახლოებით მარტის შუა რიცხვებიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, გვაქვს რესურსი და საშუალება, რაც ამ საკითხს მშვიდობიანი გზით მოაგვარებს და არბიტრაჟამდე საქმე არ მივა“, - აცხადებს ხმალაძე.
მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგები სამომხმარებლო ტარიფებზე გავლენას არ გამოიწვევს.
„კონსულტაციების ფარგლებში საუბარი არ არის უშუალოდ სამომხმარებლო ტარიფებზე. იქ არის რიგი საკითხები, რაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმით არის დარეგულირებული და ვფიქრობ, საკითხის მოლაპარაკებების გზით დასრულება სამომხმარებლო ტარიფებზე რაიმე ზეწოლას არ გამოიწვევს“, -აღნიშნა ხმალაძემ.
რუსული მედიის ინფორმაციით კი, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. საუბარია ათეულობით მილიონი დოლარის ზარალზე.
მათივე ცნობით, 2016 წელს კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის შესახებ, განცხადებითაც მიმართეს, მაგრამ მარეგულირებელმა კომისიამ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.
რუსული კომპანია „ინტერ რაო“-ს სტრუქტურები - Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V. ქართული გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 75 %-ს და 100 %-ით „ხრამი ჰესი 1“-სა და „ხრამიჰესი2“-ს ფლობენ.
თაია არდოტელი