სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ მიკროელექტროსადგურები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.
„ჩვენ გვინდა, რომ მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ ამ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს.
მოგეხსენებათ, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ კოორდინირებულად. ჩვენ გვინდა არა მარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს ამ მიმართულებით, არამედ გარკვეული დაფინანსების მექანიზმიც იმისთვის, რომ განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის და იერსახის დაცვა, გამოვიყენოთ ამ ტიპის მიკროელექტროსადგურების ინოვაცია“, - განაცხადა პრემიერმა.