საქართველო-ესპანეთის ეკონომიკური კომიტეტი ახალი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს

საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ესპანეთის სამეფოს ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა ხაიმე გარსია ლეგაზმა.

ახალი კომიტეტი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პროექტებისა და ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ეს კომიტეტი იქნება პლატფორმა, რომლის ბაზაზეც მოხდება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამდე ორგანიზებას გავუწევთ ბიზნესფორუმს. წინასწარ ვიმუშავებთ ჩვენს ადგილობრივ ბიზნესთან, ასევე ესპანური მხარე იმუშავებს ესპანელ ბიზნესმენებთან იმისთვის, რომ ეს ღონისძიება კონკრეტული შედეგებით დასრულდეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ტექნიკური ბარიერებისგან გათავისუფლება.

„ეს იურიდიული საფუძველი და ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ესპანურ კომპანიებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ საქართველოს ბაზარი მათი საქონლისა და მომსახურებისთვის გახსნილი იყოს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ვინაიდან საქართველოსთვის ესპანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლიტიკურ ველზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოსა და ესპანეთს შორის ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმება.