პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კამპანია “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კამპანია “მოითხოვე ქართულის” ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ააიპ „მოითხოვე ქართული“ ახორციელებს.

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირს, საწარმოების წარმომადგენლებს, ორგანიზაცია ”მოითხოვე ქართულის” წარმომადგენლებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მარგველაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა მეწარმეს, რომელიც ”ქვეყნის დოვლათს ქმნის”.

”ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებით წამოიწიოს და გაიხსნას. ეს ბევრ პრობლემას გადაწყვეტს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს ბევრი პროდუქტის წარმოებას. როცა ქვეყანაში არ არის ინტენსიური წარმოება, ბუნებრივია, სამუშაო ადგილების ნაკლებობაც არის. თავის მხრივ, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე, პასუხი ბევრ ამ გამოწვევაზე არის ერთი - ჩვენ ჩვენი არჩევანით უნდა გავაძლიეროთ ეროვნული წარმოების პროდუქტის წარმოება. ეს ალბათ ერთგვარად მარტივი ნაბიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტული სულისკვეთების შემცველია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრას სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ”პალიტრა მედიის” კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია.

”ჩვენ დაახლოებით სამი წლის წინ დავიწყეთ და ახლაც გვაქვს პროექტი - „იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა” და როდესაც დაიწყო ეს მოძრაობა, ტარიელ ზიბზიბაძესთან ერთად შევუერთდით მას. იგეგმება, რომ კატალოგი, რომელიც ქართული პროდუქციის შესახებ გაკეთდება, ”კვირის პალიტრაში” ჩაიდოს. ასეთი საქმიანი ურთიერთობა დიდი ხნის დაწყებული გვაქვს და ახლაც გრძელდება. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ამ ორგანიზაციასთან და მას შემდეგ, რაც პროექტი უფრო გაიშალა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა, ჩვენც შესაბამისად გვქონდა შეხვედრები მათთან”, - აღნიშნა მარიკა დარჩიამ.

როგორც ორგანიზაციის „მოითხოვე ქართული“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანია ქართული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდა.

”დაგროვებით ბარათზე ქართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ”ქართულები “ დაერიცხება. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი ”ქართულების“ მფლობელებს. გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები. ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ”მოითხოვე ქართული“ არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი, რომლის სახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც”, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

პროექტის პარტნიორია „უნიქარდი“, „ფუდმარტი“, „სმარტი“ და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.

პროექტის პრეზენტაცია პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაციით დასრულდა.