საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი აპრილისათვის 16.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 470.6 მილიონი ლარით ანუ 2.8 პროცენტით ნაკლებია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე , - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 314.6 მილიონი ლარით ანუ 3.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 156.0 მილიონი ლარით, ანუ 2.1 პროცენტით.
ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 30.81 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.8 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.9 პროცენტი შეადგინა.