დიმიტრი ქუმსიშვილი - საგადასახადო ადმინისტრირების ახალი ფორმატი საშუალებას იძლევა, გადამხდელმა თანდათან დაფაროს ვალდებულებები და შეუფერხებლად განაგრძოს საქმიანობა

ახალი საკანონმდებლო პაკეტით, უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების ერთწლიანი გადანაწილების შესაძლებლობა 5 000-დან 50 000 ლარამდე ი ზრდება , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას: 2010-2012 წლებში სულ 150-მდე კომპანიას გაუფორმდა საგადასახადო გრაფიკი და შეთანხმება, მაშინ, როდესაც 2013-2016 წლებში, გადასახადო შეთანხმება გაუფორმდა 4900-ზე მეტ კომპანიას. თუ პირველ შემთხვევაში თანხა მხოლოდ 10 მილიონს აღწევდა, მეორე შემთხევაში მისი მოცულობა უკვე 209 მილიონია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ კომპანიებს მიეცეს შესაძლებლობა, გააჯანსაღონ ბიზნესი შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და გადაიხადონ გადასახადები.

„5 000 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში, აღნიშნული შესაძლებლობით, პრაქტიკულად, 3000-მდე წვრილმა მეწარმემ ისარგებლა. შესაბამისად, ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ერთმნიშვნელოვნად დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, უკეთესად შეასრულოს ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებებით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უზრუნველყოფის გარეშე საგადასახადო დავალიანების დაფარვის გრაფიკის შედგენით.