ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საბანკო ოლიგოპოლიის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"უკანასკნელ პერიოდში კვლავ წინა პლანზე წამოიწია არაპროფილური ბიზნესების თემამ საბანკო სექტორში.
თითქოს, იმაში ცუდი არაფერია, რომ ხელისუფლებამ ეს საკითხი დაარეგულიროს, მაგრამ როდესაც საკანონმდებლო ინიციატივები კობა გვენეტაძისგან და მურთაზ კიკორიასგან მოდის, ე.ი. ფორმალურად ეროვნული ბანკის სახელით, წარსული გამოცდილებით ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ თავად საბანკო ოლიგოპოლიის შიგნით ვერ თანხმდებიან თამაშის საერთო წესებზე და ახლა ორივე მხარე ცდილობს სახელმწიფოს გავლენით დაარწმუნოს ერთმანეთი საკუთარი პოზიციების უპირატესობაში.
- და ეკონომიკას აქედან რა?
- გაიზრდება ლარიზაციის მაჩვენებლები?
- გაუჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე წვდომის ალტერნატიული გზები საბანკო კრედიტის გარდა?
- მიეცემათ მომხმარებლებს საკუთარი დანაზოგების ალტერნატიული განთავსების შესაძლებლობა საბანკო ანაბრის გარდა?
- ეროვნული ბანკი შეამცირებს რეფინანსირების პირამიდას?
- სავალუტო ბაზარზე აღარ ექნება ადგილი ბეზპრეძელებს?
------------------
რა არის არაპროფილური საბანკო ბიზნესი?
ასეთ სახეობას განეკუთვნება კომერციული ბანკის მიერ არასაბანკო, კომერციული ბანკის ტრადიციული საქმიანობისგან (დეპოზიტი, სესხი, საოპერაციო მომსახურეობა, სავალუტო დილინგი) განსხვავებული ბიზნესის ფლობა ან კონტროლი.
------------------
რატომ არის საშიში ქვეყნის ეკონომიკისთვის კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა?
კომერციული ბანკი წარმოადგენს დეპოზიტურ ინსტიტუტს, ანუ ფინანსურ შუამავლებს შორის ფართო მასებთან მომუშავე ერთადერთ შუამავალს, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე იზიდავს მოსახლეობიდან და იურიდიული პირებისაგან თანხებს შეუზღუდავი ოდენობით.
საქართველოში ასეთ საშუალებას მოკლებულია სხვა ფინანსური შუამავალი (მიკროსაფინანსო, საბროკერო კომპანია თუ სხვა).
მათ რჩებათ საშუალება მხოლოდ გამოუშვან ფასიანი ქაღალდი და ამ გზით მოიზიდონ მოსახლეობიდან რესურსი.
იმ პირობებში კი, როდესაც ამ ინსტრუმენტის ბრუნვისა და განთავსების ინფრასტრუქტურის (საფონდო ბირჟა, საბროკერო კომპანიები, რეგისტრატორები, ცენტრალური დეპოზიტარი) სრულ კონტროლს უწევს საბანკო ოლიგოპოლია ეს არარეალურია.
--------------------
როგორ უშლის ეს ხელს ეკონომიკის განვითარებას?
არა აქვს რა შეზღუდვა რესურსის მოზიდვასა და არაპროფილურ საქმიანობაზე, საბანკო ოლიგოპოლია იყენებს ამ ბერკეტს ეკონომიკის ყველა დარგის ხელში ჩასაგდებად, კონკურენციის მოსასპობად, რათა გაამდიდროს თავისი მესაკუთრეები და ამით ანადგურებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალს.
ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ, მაგალითად, ყოველი მეორე მაღაზია, და ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესი ისევ საბანკო ოლიგოპოლიის საკუთრებაა - ე.ი. ეგრეთწოდებული ბანკირების, რომელთაც სინამდვილეში თავიანთ ბიოგრაფიაში მოლარის და საკრედიტო ოფიცრის ნახევარსაათიანი გამოცდილებაც არ აქვთ, მაგრამ 90-იანი წლების კორუფციული სქემების წყალობით ქართველ როტშილდებად ცდილობენ საკუთარი თავის გასაღებას.
შედეგი - საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3 - 4 პროცენტი წლიური, ხოლო საბანკო ოლიგოპოლიის ყოველწლიური წმინდა მოგება 30 - 40 პროცენტი წლიური!
---------------------------------------------
ვინ არის ბაზრის ზედამხედველი და რეგულატორი, ვინც უნდა შეუშალოს ხელი საბანკო ოლიგოპოლიას ბაზარზე დომინირებასა და კონკურენციის დახშობაში?
პასუხი მარტივია - საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც თვითონ არის საბანკო ოლიგოპოლიიის მძევალი და მხოლოდ მათი კარნახით და მითითებით მოქმედებს ათწლეულების განმავლობაში.
სრულიად უმოქმედო და არაფრის მაქნისია ე.წ. ბანკების ასოციაცია, რომლისგანაც 2008-2012 წლებში გვახსოვს, თუ როგორ მიატოვა საკუთარი ორგანიზაციის წევრებიც (პროგრესბანკი, ქართუბანკი, სტანდარტბანკი, სახალხო ბანკი) კი სახელმწიფო ძალადობის წინაშე, რითაც ფაქტიურად გზა გაუხსნა საბანკო ოლიგოპოლიას.
საქართველოს ეკონომიკის ყველა დარგში საკუთარი საცეცები აქვს საბანკო ოლიგოპოლიას ან მასთან აფილირებულ სტრუქტურას, რომელიც, როგორ ვფიქრობთ, საკუთარ ტოტს კიკორიას და გვენეტაძის ხელით მოიჭრის?!...
გაანადგურა რა კონკურენტული გარემო - საბანკო ოლიგოპოლია დარჩა მარტო ეკონომიკის მრავალ დარგში და თავის დროზე მიმზიდველ დარგში მოწეულ პროდუქტს (სახლი, ბინა, მიწა, პროდუქტი თუ სხვა) ვერ ასაღებს, ვერ ყიდის, ფასი ეცემა და საბოლოო ჯამში საფრთხის ქვეშ დგება საბანკო ოლიგოპოლიის მიერ მოსახლეობიდან მოზიდული რესურსი, რომლის მეშვეობით ოლიგოპოლია აღწევს ამ მიზანს.
რას შვება ამ დროს საბანკო ოლიგოპოლიის მძევალი და გალიაში გამომწყვდეული ეროვნული ბანკი?
ის უშრეტად უფინანსებს საბანკო ოლიგოპოლიის ამ ვაქხანალიას ე.წ. რეფინანსირების სესხით, რომლის ოდენობა 2 მლრდ ლარამდე ავიდა.
ვის ხარჯზე შექმნა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების პირამიდა და ვინ იხდის მასზე პროცენტს?
ყოველი ჩვენთაგანი - გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქტი, შემცირებული შემოსავალი!!! როდემდე?" - წერს დავით ასლანიშვილი.