მოქალაქეებს საკუთარი საკრედიტო ისტორიის ნახვა უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ

როგორია თქვენი საკრედიტო ისტორია - დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ. სერვისის მეშვეობით, რომელსაც "კრედიტინფო საქართველო" მოქალაქეებს სთავაზობს, პირს შესაძლებლობა ექნება, საკუთარ საკრედიტო ისტორიას თვალყური ინტერნეტით მიადევნოს. როგორც ”ჩემი კრედიტინფოს” გვერდზე ვკითხულობთ, სერვისი საშუალებას გაძლევთ ინფორმაცია მიიღოთ თქვენი დახურული და მიმდინარე კრედიტების, საკრედიტო ქულისა და რეიტინგის შესახებ, ნახოთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენს საკრედიტო ქულაზე და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს საკრედიტო რეპორტში განხორციელებულ ცვლილებებსა და ძიებებზე. ”ჩემი კრედიტინფოს” სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ინფორმაციის მიღება ფასიანია და სამი პაკეტისაგან, სტანდარტული, საბაზისო და პრემიუმისაგან შედგება. პაკეტების ფასი 5-დან 50 ლარამდეა განსაზღვრული. ინფორმაციაზე წვდომის ხანგრძლივობა კი 30 დღიდან 1 წლამდეა გათვალისწინებული.

"კრედიტინფო საქართველოს" გენერალური დირექტორის ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, ინფორმაციის მიღების გარდა, ”ჩემი კრედიტინფო” მომხმარებლების დამხარებასაც ითვალისწინებს.

”სერვისი საშუალებას გაძლევთ ნახოთ თქვენი საკრედიტო ისტორია, გაიგოთ როგორია თქვენი საკრედიტო ქულა. შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასახვა რჩევა თუ როგორ გააუმჯობესოთ მონიჭებული ქულა და რა არის ამისთვის მნიშვნელოვანი. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება საკრედიტო ისტორიაში მის შესახებ ასახული არაზუსტი ინფორმაციის შესახებ გვაცნობოს, ჩვენ კი შევძლებთ ინფორმაციის გასწორებას. ზაფხულის ბოლომდე გარკვეული ტიპის დამატებით სერვისებს დავნერგავთ. ეს სერვისი დაეხმარება, მაგალითად, ბინის გამქირავებლებს, რომ დაიზღვიონ თავი არაკეთილსინდისიერი კლიენტებისგან. ბინის გამქირავებელი, შესაძლოა, დაინტერესდეს კლიენტის საკრედიტო ისტორიით, რომელსაც ჩვენი სერვისის მეშვეობით შესაძლებლობა ექნება, ეს საკრედიტო ისტორია მეილზე მიიღოს და შემდეგ მასაც გაუგზავნოს. შესაბამისად, ბინის გამქირავებელი შეძლებს ვითარების აწონ-დაწონასა და ფინანსური გარიგების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტული ცნობების საფუძველზე და არა იმის მიხედვით, რამდენად სანდო ჩანს ბინის დაქირავების მსურველი“, - განაცხადა "კრედიტინფო საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გომიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე