პური იმ შემთხვევაში გაძვირდება, თუ ტომარა ფქვილის ფასი 45 ლარს მიაღწევს

მეხორბლეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში პურის ფასის ზრდას უახლოეს მომავალში არ ვარაუდობს.

მისი ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც ქვეყანას 1-1,5 თვე ეყოფა. ასევე, გზაშია მცირედ გაძვირებული, ჯერ კიდევ პოლიტიკურ კრიზისამდე შეძენილი ხორბალი.

”დღეს პურკომბინატებს წისქვილკომბინატები ტომარა ფქვილს, რომლისგანაც პური მასობრივი მოხმარებისთვის ცხვება, 35 ლარად აწვდიან. ეს მეპურეებისთვის ხელსაყრელი ფასია, მათ საკმაოდ დიდი მარჟა აქვთ. დაახლოებით 45 ლარამდე უნდა გაიზარდოს ტომარა ფქვილის ფასი, რომ პურის გაძვირებაზე დაიწყოს ლაპარაკი,” - განუცხადა სილაგავამ "ეკოპალიტრას".

მისი თქმით, ვინაიდან უკრაინა მარცვლეულის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო ბირჟებზე რყევები გამოიწვია.

”მაგალითად, ჩიკაგოს ბირჟაზე 3 მარტის შემდეგ 1 ტონა ხორბალი 5-7%-ით გაძვირდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. უკრაინის მოვლენებმა რუსული ხორბლის ფასზეც იმოქმედა. ტრეიდერებსა და კომპანიებს, რომლებსაც ხორბალი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოაქვთ, ეშინიათ, რომ შესაძლოა, მომწოდებლებთან დადებული კონტრაქტები არ შესრულდეს. მაისის ფიუჩერსები უკვე გაძვირებულია 10%-ით,” - ამბობს სილაგავა.

მისი თქმით, საქართველოში ხორბალი ძირითადად 3-5 ათასტონიანი გემებით შემოდის ეისკის პორტიდან, რომელიც როსტოვთან ახლოსაა. გემებმა ქერჩის ყურე უნდა გამოიარონ და შავ ზღვაში გამოვიდნენ. შექმნილმა ვითარებამ გემების ფრახტი, ანუ დასაქირავებელი ფასიც გაზარდა.

”კონტრაქტები ჯერჯერობით სრულდება, მაგრამ როგორი ვითარება შეიქმნება ხორბლის ბაზარზე მომავალში, ეს პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. ამჟამად ტრეიდერები რუსულ კომპანიებთან კონტრაქტების დადებას ერიდებიან, რადგან შესაძლოა, მსოფლიომ მას ეკონომიკური სანქციები დაუწესოს და ხორბლის გამოტანა ვეღარ მოხერხდეს. მსგავსი პრობლემა უკრაინასთან დაკავშირებითაც იჩენს თავს, რადგან შესაძლოა, ხორბლით დატვირთული გემები რუსულმა სამხედრო გემებმა არ გამოატარონ," - ამბობს სილაგავა.

თუკი კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ქვეყანაში ხორბლის შემოტანის ერთ-ერთი ალტერნატიული გზაა ყაზახეთი, სადაც მარცვლეულს მატარებლებში დატვირთავენ და აზერბაიჯანის მხრიდან შემოიტანენ საქართველოში. თუმცა, იმის გამო რომ ორიოდე კვირის წინ ყაზახეთში ეროვნული ვალუტა ტენგე გაუფასურდა, ყაზახური ხორბალიც გაძვირდა.

საქართველო მეტწილად რუსულ ხორბალს მოიხმარს და უკრაინიდან მხოლოდ საფურაჟე ხორბალი შემოდის, თუმცა რუსული ხორბალი ექსპორტი პრობლემებისაგან დაზღვეული არ არის, უკრაინის პოლიტიკურმა კრიზისმა კი უკვე იმოქმედა ხორბლის საერთაშორისო ფასზე.