26 მსჯავრდებულის საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელშეწყობით, მსჯავრდებულების ინდივიდუალურ საქმიანობას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუწყება, ამ სტატუსით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა N5, N7, N8, N15, N16 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში 26 მსჯავრდებული დაარეგისტრირეს. გასულ წელს, პირველ ეტაპზე კი, მიკრობიზნესის სტატუსით 40-მდე მსჯავრდებულის საქმიანობა დარეგისტრირდა. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინმაღაზია online.moc.gov.ge-ის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება. მიკრობიზნესის სტატუსი მათთვის დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს და საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ციბაძის განცხადებით, აღნიშნული უპრეცედენტო ინიციატივა ხელს უწყობს მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში ჰქონდეთ შემოსავალი და ასევე, გათავისუფლების შემდეგაც გამოიყენონ პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა და განაგრძონ იგივე საქმიანობა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით, 2016 წელს უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში პატიმრებს საშუალება მიეცათ, ნივთები, რომელსაც ამზადებენ პენიტენციურ დაწესებულებებში ონლაინმაღაზიის სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდონ და მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ მსჯავრდებულების საქმიანობას მიკრობიზნესის სტატუსი ენიჭება. სამინისტრო მომავალშიც შეუწყობს ხელს თავის ბენეფიციარებს, პატიმრობის პერიოდში ჰქონდეთ გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ციბაძემ.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მადინა მაყაშვილის თქმით, მიკრობიზნესის სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგაც ისარგებლებენ.

„შემოსავლების სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების საქმიანობისთვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს. ეს სტატუსი მათ საშუალებას მისცემს, არ გადაიხადონ გადასახადები იმ შემოსავალზე, რომელსაც მიიღებენ მათ მიერ ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზიის საშუალებით რეალიზაციისას. ისინი გათავისუფლები იქნებიან სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგანაც“, - განაცხადა მადინა მაყაშვილმა.

მსჯავრდებულთა განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციას უწყობს ხელს, შეღავათების მინიჭება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში სამკაულებს, თექის ნაწარმს, ხის ნაკეთობებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებენ, ასევე, წერენ და ქარგავენ ხატებს. სწორედ მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზაციის მიზნით ფუნქციონირებს ონლაინმაღაზია online.moc.gov.ge. სასჯელაღსრულების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ნოვაციურ პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.