ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენციის კანონპროექტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა. მუშაობის პროცესში ჩართულები იყვნენ შესაბამისი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს, სადაც საკომიტეტო განხილვების დროს დაინტერესებულ პირებს კვლავ მიეცემათ საშუალება, რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები პროექტის მიმართ.

”2012 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის არსებობისათვის საჭირო გახდა სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი რეფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობის განხორციელება და გაიზარდოს საქართველოსა და ევროპის კავშირის ბაზრების თავსებადობა,” - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტის ძირითადი მიზნებია თავისუფალი კონკურენციისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სტრუქტურის - კონკურენციის სააგენტოს ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. კანონში გათვალისწინებულია ქმედითი ნორმები დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად, ეკონომიკური აგენტების ინტერესების დასაცავად, კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, დროული და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად.