სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო-სადემონსტრაციო ბაზას ხეხილის 40-ზე მეტი პერსპექტიული, ესპანური ჯიში გადაეცა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ კომპანიას „ვივეროს პროვედოს" შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ჯიღაურას ბაზას მსხლის, გარგარის, ატმის, ნუშის, ბლის და ქლიავის ნერგები გადაეცა.
„აღნიშნული ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებების შესწავლა საერთაშორისოდ აღიარებული ჯიშთაშესწავლის მეთოდიკებისა და პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება. კვლევების შედეგად ადგილობრივი მეხილე ფერმერები ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თავისებურებებისა და უპირატესობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.