დაცული ტერიტორიების სააგენტო თბილისის მე-19 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოდან იუწყებიან, გამოფენა 27 აპრილს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნება და 29 აპრილამდე გაგრძელდება.
„დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს, დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე თქმით, დაცული ტერიტორიების საგამოფენოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 3 დაცულ ტერიტორიაზე - მარტვილის და ბირთვისის კანიონებზე და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას შეძლებენ.
„ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული. დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ფოტო-სურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ“, - განაცხადეს სააგენტოში.
გამოფენაში საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.