საქართველოს 10 რეგიონში დასუფთავების კვირეული „სუფთად ევროპისკენ“ მოეწყობა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების მასშტაბური აქციის კვირეული მოეწყობა.

როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სახლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა იუსიტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოაცხადეს. კონკურსის ნომინაციებია - სუფთა ქალაქი; სუფთა მუნიციპალიტეტი; სუფთა სოფელი; სუფთა ქუჩა; სუფთა ეზო. შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.

კონკურსის ჩასატარებლად, მაისის პირველ ნახევარში კონკურსის კრიტერიუმები დაეგზავნება ყველა რეგიონს და აგრეთვე გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით; კვარტალურად მოხდება რეგიონებიდან შემოსული ინფორმაციების შეფასება ინდიკატორების მიხედვით; ოქტომბრის პირველ ნახევარში სრულად შეჯამდება რეგიონალური მონაცემები და გამოვლინდება გამარჯვებულები; ოქტომბრის მეორე ნახევარში ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.

სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“;

იუსტიციის სახლიდან საქართველოს რეგიონების 10 საზოგადოებრივ ცენტრში ტელეხიდი გაიმართა. გამგეობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და არალეგალური ნაგავსაყრელების თაობაზე პრეზენტაცია დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მოისმინეს.