ეკონომიკის სამინისტროსთვის ”ხრუშჩოვკების” დემონტაჟის შესახებ დეტალები ცნობილი არ არის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ე.წ. ხრუშჩოვკებთან დაკავშირებულ მემორანდუმზე პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებს, რაც საკრებულოდან დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ განაცხადა.

"საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ გაფორმებულია მემორანდუმი საკრებულოსა და ინვესტორს შორის, თუმცა მისი დეტალები სამინისტროსთვის ჯერ უცნობია. საკრებულოს მხრიდან როცა გამოიგზავნება დეტალური ინფორმაცია, ამის შემდეგ გვეცოდინება უფრო კონკრეტულად რაზეა საუბარი და ამის შემდეგ მოვახდენთ ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და საერთაშორისო სავაჭრო და საინვესტიციო ჰოლდინგის დამფუძნებელმა სალიმ უმაიდ საიფმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკო ხაჩირიშვილმა განაცხადა, ”ხრუშჩოვკების” ახალი კორპუსებით ჩანაცვლების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

"სავარაუდოდ, ერთ თვეში გვექნება კონკრეტული კონცეფცია, თუ როგორ უნდა დაინგრეს ე.წ. ხრუშჩოვკები, როგორ უნდა აშენდეს ახალი კორპუსები და ადგილობრივი მოსახლეობა რა პირობებში და რა სტანდარტებით იქნება შეყვანილი ამ ფართებში. ასევე, როგორ იქნება მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი და რა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის ბინებს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვთ. ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია. ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სჭირდება უზარმაზარი თანხები. ეს არის აუცილებლობა ქალაქისთვის", - აცხადებს ხაჩირაშვილი.

როგორც ინვესტორმა განმარტა, ე.წ. ხრუშოვკების ნაცვლად 15 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავენ, რომლებიც მოიცავს საოფისე ფართებსაც და გამწვანებულ ტერიტორიასაც. ამ ეტაპზე საუბარია სულ 800 ”ხრუშოვკის” ტიპის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟზე მთელი თბილისის მასშტაბით. აღნიშნულ პროექტში არაბი ინვესტორი 600 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.