ვისაც ოფიციალური უწყებებიდან საჯარო ინფორმაცია ერთხელ მაინც გამოუთხოვია, კარგად იცის, რომ ეს საკმაოდ რთული პროცედურაა. თანაც, გამორიცხული არ არის, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვისა და რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ საჭირო ინფორმაცია მაინც ვერ მოიპოვოთ. აღნიშნული პრობლემა არა მარტო ქართული მედიის, არამედ ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშეც დგას. ამ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.
„საჯარო უწყებებს ინფორმაციის გაცემას კანონი ავალდებულებს, თუმცა ისინი ამას ხალისით სულაც არ აკეთებენ. ამაში საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა: თვენახევრის წინ რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება დამჭირდა. მაინტერესებდა გამგეობებში 2013 წლიდან დღემდე მომხდარი ცვლილებები - კერძოდ, შტატების შემცირება, გაუქმება, რეორგანიზაციასთან თუ სამსახურების გაერთიანებასთან, ან დაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებები. ეს საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია იყო, მაგრამ ვერც ერთი მუნიციპალიტეტიდან ვერ მივიღე ის, რასაც მოვითხოვდი.
რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ 10-დღიანი ვადა სჭირდებოდათ, მაგრამ ამ ვადას აშკარად გადააცილეს. მუნიციპალიტეტების ნაწილმა 10 დღეში ინფორმაცია მომაწოდა, ოღონდ არასრული სახით, ხოლო ნაწილს ინფორმაცია დღემდე არ გადმოუგზავნია. რა გამოდის? - უკვე თვენახევარი გავიდა და თავიანთი მოვალეობა დაავიწყდათ თუ სათანადოდ არ ასრულებენ?
- ბატონო ირაკლი, ყველაზე მეტად რომელი მუნიციპალიტეტი „გაჯიუტდა?“
- განსაკუთრებული სიხისტე და არაკომპეტენტურობ გამოავლინა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. საჯარო ინფორმაციაზე პასუხუსმგებელ პირს რომ ვესაუბრე, მივხვდი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა რა თანამდებობაზე მუშაობდა და რა იყო მისი მოვალეობა. ამ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პირდაპირ გამომიცხადეს - თქვენ არც ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელი ხართ და არც სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც ანგარიში უნდა ჩავაბაროთო. საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე ხომ უარი მითხრეს, მაგრამ მათი საქციელი თავხედობისა და უცოდინარობის მკაფიო გამოვლინება იყო. დაეზარათ ინფორმაციის მოძიება და ყველაფერზე ცინიკური პასუხები გამცეს.
-უფრო კონკრეტულად, რა ინფორმაციის მიღება გსურდათ მუნიციპალიტეტებიდან?
-მე მოვითხოვდი ინფორმაციას ხელმძღვანელი პირების და რიგითი მუშაკების შესახებ, მათ ვინაობას, სახელსა და გვარს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან თანამდებობის პირთა ვინაობის და მისამართის გასაიდუმლოება დაუშვებელია. ასევე მჭირდებოდა ინფორმაცია შტატში მყოფ თანამშრომლებზე. ზოგიერთმა რაიონმა, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტმა, სახელები და გვარებიც გადმომიგზავნა და ყველა თანმაშრომლის კოორდინატებიც, ზოგმა კი - მაგალითად, ახმეტის, საგარეჯოს და ლაგოდეხის წარმომადგენლებმა მიპასუხეს, რომ ჩემს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კონფიდენციალური იყო და რომ პერსონალურ მონაცემებს არ გასცემენ. მხოლოდ თანამდებობის პირთა მონაცემები გაამხილეს, არადა, ინფორმაცია ნებისმიერი ადამიანის შესახებ, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, ღია და საჯარო უნდა იყოს.
-კიდევ რა ხარვეზებს წააწყდით ?
-იმ დასკვნამდე მივედი, რომ როდესაც საჯარო ინფორმაცია ვრცელია, არასრულყოფილად გაწვდიან. როგორც ჩანს, ეზარებათ მოძიება, ხოლო რის გამჟღავნებაც არ სურთ, პერსონალურ ინფორმაციას უწოდებენ, ან აგვიანებენ და ბოლოს არაფრისმთქმელ ინფორმაციას გაწვდიან... მოკლედ, საჯარო ინფორმაციის მოპოვებას თუ მოინდომებთ, გარწმუნებთ, რომ თქვენს პრობლემებს ბოლო არ ექნება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჩვენი კანონმდებლობაც არის.
-რატომ?
-ის მუხლები, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას ეხება, უფრო მეტ დაკონკრეტებას საჭიროებს. სახელმწიფო უწყებებში ბევრი არაკვალიფიციური კადრი ჰყავთ, რომლებსაც ტრენინგები მაინც უნდა ჩაუტარონ, რომ ყველაფერს პერსონალურ მონაცემები არ დაარქვან. რა არის საჯარო და რა გასაიდუმლოებული ამ მონაცემებში, უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს.
დავუშვათ, ადმინისტრაციული სამსახურის რიგითი წარმომადგენელია ვინმე გიორგი გიორგაძე, რატომ უნდა იყოს მისი ვინაობა გასაიდუმლოებული? ეს ხომ არასერიოზულია? მით უმეტეს, როდესაც შტატებს წამდაუწუმ ცვლიან, ამა თუ იმ შტატს ჯერ აუქმებენ და მერე ისევ აღადგენენ, როგორ უნდა გაიგო ინფორმაცია ამ ხალხზე? რომ გინდოდეს ვინმეს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიძიო, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიიღებ. როგორც ჩანს, ამ მონაცემებს სპეციალურად მალავენ, რომ ვინმეს საეჭვო საქმიანობა არ გამჟღავნდეს?
ერთი წუთით წარმოიდგინეთ: ადვოკატს რომ ასე გაუჭირდება საჯარო ინფორმაციის მოპოვება, რიგითმა მოქალაქეებმა რაღა უნდა თქვან? ბიუროკრატიული ბარიერები საქართველოში ადრეც არსებობდა და დღემდე რჩება. ეს იმიტომ, რომ კანონის ზოგიერთი განმარტება არაერთგვაროვანია. თუნდაც „პერსონალური მონაცემების“ განმარტება, რომელიც ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. სწორედ ამგვარი ხარვეზების გამო ჭირს სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება მარტო მუნიციპალიტეტებში კი არა, სხვა უწყებებშიც. ეს მაშინ, როცა საჯარო ინფორმაცია ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.
ხათუნა ჩიგოგიძე