საქართველო-მოლდოვას ბიზნეს ფორუმი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს. ფორუმი გახსნეს - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა და მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრმა ვასილე ბიტკამ. ბიზნეს ფორუმში 10 მოლდოვური და 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილის ნატო ჩიქოვანის თქმით, ფორუმის ფარგლებში, ქართულ და მოლდოვურ კომპანიებს შორის 52 პირდაპირი შეხვედრაა დანიშნული. ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრებზე კონკრეტული შეთავაზებები განიხილება და თანამშრომლობა შედგება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით კი, მოლდოვას ბიზნეს-დელეგაციის წევრები წარმოადგენენ ისეთ სფეროებს, როგორიც არის სასოფლო-სამეურნეო, მსუბუქი მრეწველობა და ტექსტილი, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოლდოვასთან ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ხვალ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიაზე განიხილავენ, სადაც თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებზე იმსჯელებენ.