რუსეთში, მთავრობის ბრძანებით, არაყი და კონიაკი გაძვირდა

რუსეთში დღეიდან არაყი გაძვირდა: ალკოჰოლის ბაზრის რეგულირების ფედერალური სამსახურის ბრძანებით, ნახევარლიტრიანი არყის ბოთლის ღირებულება საცალო ქსელში 199 რუბლზე (დაახლოებით, 10 ლარზე) ნაკლები არ უნდა ღირდეს.

როგორც რუსული პრესა წერს, ჯერ კიდევ გუშინ მაღაზიის თაროებზე ალკოჰოლური სასმელის ყიდვა 170 რუბლად, ანუ, 15%-ით იაფად შეიძლებოდა.

ამავე ბრძანების მიხედვით, 11 მარტიდან გაძვირდა კონიაკი და ბრენდიც. კერძოდ, ნახევარი ლიტრი კონიაკის მინიმალური ფასი 280 რუბლიდან 322 რუბლამდე გაიზარდა, ბრენდის კი - 250 რუბლიდან 293 რუბლამდე.

არყის გაძვირების შემდეგი ტალღა პირველი აგვისტოსთვის იგეგმება, მისი ფასი ამჯერად 220 რუბლს მიაღწევს.

ალკოჰოლზე ფასების გადახედვას ”როსალკორეგულირებაში” 2014 წელს აქციზების ღირებულების გაზრდას უკავშირებენ. კერძოდ, 1 ლიტრი გაუზავებელი სპირტის აქციზის ფასი 400 რუბლიდან 500 რუბლამდე გაიზარდა. ალკოჰოლის გაძვირების მიზეზად ხორბალზე, ღვინოსა და ენერგომატარებლებზე ფასების მატებასაც ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ემბარგოს ნაწილობრივი მოხსნის შემდეგ, რუსეთი ქართული ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი საექსპორტო ბაზარი გახდა, მათ შორის, ქართული კონიაკებისა და ბრენდებისთვისაც.