ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის - ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, კომპანია „ასკანგელ ალიანსს“ სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ არანაკლებ, 175 900 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული საწარმოს გარდა, სამეურნეო კომპლექსი მოიცავს: ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს. „ასკანგელ ალიანსი“ წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოში 92-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მთელ კომპლექსში - 250 ადამიანამდე დასაქმდება.
სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება.
საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მთისპირსა და ცხემლისხიდში მოიპოვება - ვანისქედისა და უჩხუბის საბადოებში. ისტორიულად ამ ადგილს ასკანა ეწოდება, ამიტომ აღნიშნულ თიხას ასკანის ბენტონიტურ თიხასაც უწოდებენ. ის საქართველოში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საწარმოები თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებდნენ.
ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში.