25-26 აპრილს ღამით მოსულმა მოულოდნელმა ყინვამ დასავლეთ საქართველოში კივისა და ჩაის პლანტაციები დააზიანა.
როგორც აგრონომმა აკაკი ღლონტმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, 26 აპრილის ღამეს ტემპერატურა მოულოდნელად დაეცა. წინა დღეს ცივი წვიმა წამოვიდა, ამას სეტყვაც მოჰყვა და ღამით უკვე ყინვაც დაერთო - დაახლოებით -1-2 გრადუსი ყინვა იყო.
"გარდა კივისა, დაზიანდა ვაზისა და ჩაის ნარგავები. მაღალმთიან სოფლებში ზარალი ნაკლებად იგრძნობა, უფრო დაბლობ ადგილას მდებარე სოფლები დაზიანდა“ - აცხადებს ბატონი აკაკი. სწავლული აგრონომის თქმით, აპრილის ბოლოს ყინვა არავის ახსოვს: „მოსავალი ყინვამ შარშანაც დაგვიზიანა, მაგრამ მაშინ მარტის თვე იყო. ასეთ დროს კი, ყინვას ნამდვილად არ ველოდით“, - აცხადებს აკაკი ღლონტი.
მოსავლის ნაწილი კახეთის სოფლებშიც დაზიანდა, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია.
„ჩვენი რეგიონის ზოგიერთ სოფელში ყინვამ ვაზი და ხეხილი დააზიანა“, - გვითხრა თელავის მკვიდრმა - გიორგი მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, ზარალი კახეთშიც არის, თუმცა მოულოდნელ უამინდობას სტიქიის ხასიათი არ ჰქონია.
ხათუნა ჩიგოგიძე