საქართველოდან გადინებულმა უცხოურმა კაპიტალმა შარშან 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0,3%-ით გაიზარდა და 2013 წელს 914 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში რეინვესტიციების წილმა ბოლო შვიდ წელიწადში ყველაზე მაქსიმალურ დონეს - 35.9%-ს მიაღწია.

თუმცა, 2013 წელს საქართველოდან გადინებულმა უცხოურმა კაპიტალმა 2009 წელთან შედარებით ასევე რეკორდული თანხა (908 მილიონი დოლარი) შეადგინა.

უმსხვილეს ინვესტორთა შორის, 180 მილიონი დოლარით, შარშან ნიდერლანდები დაწინაურდა, რომელმაც პირველობა დიდ ბრიტანეთს ჩამოართვა. მეორე ადგილზე ლუქსემბურგია (145 მილიონი დოლარი), მესამეზე კი - ჩინეთი (98 მილიონი დოლარი). მას მცირედ ჩამორჩება აზერბაიჯანი (95 მილიონი დოლარი), ხუთეულში თურქეთიც შედის (74 მილიონი დოლარი).

როგორც ყოველთვის, ინვესტორები ყველაზე დიდ ინტერესს კვლავ ენერგეტიკის სექტორში იჩენენ, სადაც გასულ წელს 198 მილიონი დოლარი დააბანდეს, მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია (170 მილიონი დოლარი), მესამეზე კი - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (138 მილიონი დოლარი).

დამამუშავებელ მრეწველობაში გასულ წელს 124 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა (2012 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა), ხოლო მშენებლობაში - 54 მილიონი დოლარი (22%-ით მოიმატა).

გაორმაგდა ინვესტიციები სოფლის მეუნეობაში - 32 მილიონ დოლარამდე, სამაგიეროდ, განახევრდა უძრავ ქონებაში - 27 მილიონ დოლარამდე. ყველაზე ნაკლები ინვესტიცია შარშან ჯანდაცვის სექტორში ჩაიდო - 2 მილიონი დოლარი (2012 წელს მისი მოცულობა 18 მილიონი დოლარით განისაზღვრა).