კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის თანახმად, მიწაზე, როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასტუმრო “ბილტმორში” ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა, მათ შორის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები.
“იყო ერთი რადიკალური მოსაზრება, რომელიც ითვალისწინებდა მიწაზე საკუთრების უფლების სრულ შეზღუდვას უცხოელთათვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. იყო ასევე პირიქით მეორე მოსაზრება, რომ არანაირი ფორმით არ ასახულიყო ეს საკითხი კონსტიტუციაში. ჩვენ წავედით მიდგომით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში საკითხის ჯეროვან მოწესრიგებას. კანონმდებლობის დონეზე ეს ჩანაწერი, ერთი მხრივ, არ ადგენს აბსოლუტურ აკრძალვას მიწის გასხვისების ან სხვა ფორმით საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, იძლევა ამ საკითხის ორგანული კანონის დონეზე რეგლამენტირების შესაძლებლობას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.