შალვა თადუმაძე - სრული სისულელეა საიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი “პანორმა თბილისს“ უკავშირდება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მთავრობის კანონპროექტზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას “სრულ სისულელეს“ უწოდებს.

საუბარია საიას-ს პოზიციაზე, რომლის მიხედვით, სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების დამონტაჟებისთვის საკუთრების ჩამორთმევის საკანონმდებლო ინიციატივა, სავარაუდოდ, “პანორმა თბილისის“ პროექტს უკავშირდება.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ისტორიის მქონე ორგანიზაცია ასეთი კვალიფიკაციის განცხადებას აკეთებს. პარლამენტში ინიცირებული პროექტი კერძო საინვესტიციო ღონისძიებებს არ ეხება. “პანორმა თბილისი“ ის პროექტი არ არის, რომელსაც მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებლად განსახორციელებელი პროექტის სტატუსი. ეს ასეც რომ იყოს, თუკი პროექტის პრეზენტაციას გაეცნობით, ნახავთ, რომ საბაგირო ეს არის ჰაერში გაჭიმული ე.წ. ტროსი, რომელზეც მოძრავი შემადგენლობა მოძრაობს. მას არავის ქონებასთან შეხება არ აქვს, რადგან ის მოძრაობს ჰაერში. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ჰაერის ექსპროპრიაციას არ ეხება. საია-ს იურისტს, რომელმაც ეს განცხადება დაწერა, ორი პრობლემა აქვს: - მან არ იცის, რა არის სატრანსპორტო საბაგირო მოწყობილობა, არ იცნობს პარლამენტში წარდგენილ პროექტს და არ იცის, რომ ის კერძო პროექტებზე არ ვრცელდება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მან აქვე განმარტა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტში სტაციონარულ საბაგირო მოწყობილობებზე მითითება იმის გამო მოხდა, რომ მაღალმთიან რეგიონებში სათხილამურო საბაგიროების მოწყობა იგეგმება.

მთავრობამ პარლამენტს “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას ახლებურად არეგულირებს. პროექტი დღეს, პირველი მოსმენით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.