ევროკავშირი უკრაინულ ექსპორტს საბაჟო გადასახადებს მოუხსნის

ევროკომისიამ შეიმუშავა წინადადება, რომლის თანახმად, უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე საბაჟო გადასახადები დროებით გაუქმდება.

ეს ინიციატივა უკრაინის ეკონომიკისთვის სტაბილურობის დასაბრუნებლად და მიმდინარე კრიზისის გადასალახავად ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების პაკეტის ნაწილია.

ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული პროდუქციის მოსახვედრად საბაჟო გადასახადების მოხსნა უკრაინისათვის წლიურად 500 მილიონი ევროს დაზოგვას ნიშნავს. საგულისხმოა, რომ ამ თანხიდან 400 მილიონი ევრო მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაჟო გადასახადებზე მოდის.

გარდა ამისა, 6 მარტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები უკრაინისათვის 11 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ინიციატივა უკრაინულ ბიზნესს დაეხმარება, გაზარდოს ვაჭრობა ევროკავშირთან. საბაჟო ტარიფები უკრაინულ ექსპორტზე, სავარაუდოდ, ივნისამდე მოიხსნება, მას შემდეგ, რაც ინიციატივას ევროპარლამენტი და ევროსაბჭო მხარს დაუჭერენ.

ეს ცალმხრივი ცვლილება ევროკავშირის მხრიდან უკრაინელ ექპორტიორებს საშუალებას მისცემს, სრულად ისარგებლონ უპირატესი ხელმისაწვდომობით ევროკავშირის ბაზარზე და ამის სანაცვლოდ, უკრაინა საკუთარ ბაზარს ევროკავშირის ექსპორტისთვის ანალოგიურად არ გახსნის. საბაჟო გადასახადები დროებით მოიხსნება სრულად ან ნაწილობრივ, გამომდინარე წარმოების სექტორიდან.

”ევროკომისია სწრაფად მიიწევს წინ მხარდაჭერის პაკეტის სისრულეში მოსაყვანად. დღეს მივიღეთ ერთ-ერთი წინასწარ დაგეგმილი ზომა და მოვხსენით საბაჟო გადასახადები. ეს შეთავაზება ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად," - განაცხადა გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ.

აღსანიშნავია, რომ ეს დროებითი ზომა არ წარმოადგენს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ნაწილს და საბაჟო გადასახადების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში იქნება მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბრამდე. DCFTA-ის გაფორმება ევროკავშირსა და უკრაინას შორის სწორედ ნოემბრამდე იგეგმება და ამიტომაც, ამ დროიდან უკრაინისათვის მინიჭებული ცალმხრივი სავაჭრო უპირატესობების სისტემა გაუქმდება.