თბილისელების უმრავლესობა - 53% სხვა სასმელებთან შედარებით უპირატესობას ღვინოს ანიჭებს. ამის შესახებ, “ეისითის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.
“ეისითის” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისელების მეოთხედი - 26% ლუდის, მეხუთედი - 18% არყის, ხოლო მეათედი - ბრენდის (ე.წ. კონიაკის) მოყვარულია.
„ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ალკოჰოლის დღეებია პარასკევი, შაბათი და კვირა. ალკოჰოლს ყველაზე მეტად - 69% შაბათს მიირთმევენ.
„საინტერესოა, რომ თბილისელები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას რომელ დღეს მოუწევთ ნაბახუსევზე ყოფნა – 45% კვირა დღეს მიირთმევს ალკოჰოლს, მაშინ როცა პარასკევს სასმელს მხოლოდ 26% სვამს,“-აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, თბილისში ალკოჰოლის მიღების ყველაზე პოპულარული ადგილი სახლის სიტუაციაა. თბილისელების 78% მეგობართან / ახლობელთან სტუმრად, 70% კი საკუთარ სახლში სვამს სასმელს. თბილისელების 27% ალკოჰოლის დასალევად რესტორნებს; 12% კი ბარებს სტუმრობენ.