საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი მშენებლებთან შეხვედრას გამართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მშენებლებს კერძო დავების გადაწყვეტის მექანიზმის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს , - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა იუწყება.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენა სასამართლოსთან შედარებით.

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ცენტრის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდება. შეხვედრა მიზნად ისახავს არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და მისი გამოყენებით დავების გადაწყვეტის უპირატესობების წარმოჩენას სასამართლოსთან შედარებით.

ღონისძიება წარიმართება ორმხრივი დისკუსიის ფორმატში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ პრაქტიკული რჩევები ბიზნეს დავების გადაწყვეტის საკითხებთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილება არბიტრაჟში დავის განხილვის თავისებურებები საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მაგალითზე. ღონისძიება განკუთვნილია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელებისთვის.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მოხდა“, - აღნიშნულია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაში.