№118 სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავის გზატკეცილზე, №118 სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. როგორც სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლებმა განაცხადეს, გაფიცვის მიზეზი ”თბილისის მიკროავტობუსის” პოზიციაა. კერძოდ, მძღოლები აცხადებენ, რომ ”თბილისის მიკროავტობუსმა” მძღოლებს ბუნებრივ აირზე მუშაობის ნება გარკვეული პერიოდის წინ დართო, თუმცა ახლა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ბუნებრივი აირის ბალონების ამოღებას სთხოვს. მძღოლები ამბობენ, რომ მსგავსი პროცედურა დიდ ხარჯს უკავშირდება.

”ეს თბილისის ხაზია და ”თბილისის მიკროავტობუსს” ეკუთვნის. ჩვენი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ, თავის დროზე, თბილისის მერიამ და ”თბილისის მიკროავტობუსმა” ნება დაგვრთო მიკროავტობუსები ბენზინის ნაცვლად ბუნებრივ აირზე გადაგვეყვანა. ეს კანონის ფარგლებში მოექცა. თუმცა, ამჟამად პრობლემა გვექმნება. ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, რომ ბუნებრივი აირის ბალონი ამოვიღოთ და საწვავად კვლავ ბენზინი გამოვიყენოთ. ბენზინზე მუშაობა საკმაოდ ხარჯიანია და გამოდის, რომ გვაჩერებენ და არ გვამუშავებენ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გაფიცულმა მძღოლმა ხვიჩა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა სხვა ხაზებზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც შეექმნათ, თუმცა, ხვიჩა ლალიაშვილის თქმით, მათი ხაზები მეტად შემოსავლიანია, შესაბამისად, მძღოლებს სხვა ხაზებზე უღირთ ბუნებრივი აირის კვლავ ბენზინით ჩანაცვლება.

გაფიცულ მძღოლებს ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩხარტიშვილის თქმით, პირველ რიგში დასადგენია, მართლაც რამდენად სახიფათოა მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენება და თუ მართლაც სახიფათოა, მაშინ კომპანიის და მერიის ბრალეულობის საკითხი დადგება. სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია მძღოლების კომპენსირება მოახდინონ, რომლებმაც მათი დაუდევრობის გამო შეიძლება ფინანსური ზარალი ნახონ.

118 ნომერი მიკროავტობუსი ქვემო ფონიჭალიდან რკინიგზის სადგურამდე დადგენილ მარშრუტზე მოძრაობს.