სასოფლო კოოპერატივებს ევროკავშირი 15 მილიონი ევროთი დააფინანსებს

საქართველოში კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს.

თანხა ოთხ კონსორციუმს - Oxfam, MercyCorp, Care, PeopleinNeed - შორის გადანაწილდება, შესაბამისი მემორანდუმი ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უკვე გაფორმდა.

ENPARD-ის (ევროპული სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროექტის მეშვეობით საქართველოს 45 რაიონში 160-მდე მცირე ფერმერული კოოპერატივი შეიქმნება.

„მისასალმებელია, რომ სოფლის მეურნეობა ხელისუფლებისთვის რეალური პრიორიტეტია. სწორედ სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ევროკავშირის პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ფერმერული კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს“, - განაცხადა ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ ბრის იაროშევიჩმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.